მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ქავთარაძე: ვმუშაობთ მოდელზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის გარკვეული კომპონენტებიდან საერთოდ გამოვიდეთ

60fe7c9203753
ლიკა გურაბანიძე
26.07.21 22:40
968

“ვამუშავებთ მოდელს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის გარკვეული კომპონენტებიდან საერთოდ გამოვიდეთ. ამით ჩვენი მოქალაქეები დაზარალდებიან.” - ამის შესახებ “ევექსი ჰოსპიტლების” დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ქავთარაძემ “საქმიან დილაში" საუბრისას ჰოსპიტალური ტარიფების გადახედვაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, შედეგად, ისედაც ეკონომიკურად რთული მდგომარეობის ფონზე, მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები გაიზრდება. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია კერძო სექტორს მოუსმინონ და ჯანდაცვის სამინისტროსგან თემაზე საჯაროდ მუშაობის დრო დაზუსტდეს.

“როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, არ ვიცით. სამინისტროში თქვეს, რომ სექტორში ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს. თუმცა, რა ეტაპზეა ინვენტარიზაცია, რისი ინვენტარიზაცია ტარდება, ასეთი დეტალების შესახებ ინფორმირებულები არ ვართ და ეს ბიზნესისთვის მარტივი არ არის.

როდესაც ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შემოვიდა, იმ პერიოდისთვის კერძო სექტორთან ასეთი შეთანხმება იყო, რომ იმ მომენტისათვის ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მინიმალური ტარიფები იქნებოდა გამოყენებული. ეს ის ტარიფებია, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში კლინიკები ჩაერთნენ.

ამის შემდგომ საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებდა ფორმატს ჩანაწერის დონეზე, რომ თუ რომელიმე ტარიფი ხარჯთეფექტური არ იყო, სამინისტროსთან ამ თემაზე კომუნიკაცია და დასაბუთება მომხდარიყო და ტარიფი გადახედილიყო, რაც ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, არცერთ ეტაპზე არ მომხდარა.

მეორე საკითხი, რომელიც ასევე პროგრამაში ჩანაწერის დონეზეა, არის ის, რომ 2019 წლიდან ამ ტარიფების გადახედვა და არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა მომხდარიყო. თუმცა, ეს არ მომხდარა. ამაზე კერძო სექტორმა საკუთარი ხედვები მოამზადა, სამინისტროსთან შეხვედრებიც იყო. მხოლოდ 2019-2021 წელი რომ ავიღოთ, 21%-იანი კუმულაციური ინფლაციის მაჩვენებელია. ლარის დევალვაციის გამო, 2021 წელს მედიკამენტების და სახარჯი მასალების ხარჯები 18 მლნ ლარით გაგვეზარდა” - აღნიშნა ქავთარაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები