„ეკოლოგია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჭიათურისთვის“-ამის შესახებ მაღაროელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რა უნდა გაკეთდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ამაზე როგორც კომპანია, ისე გარემოს დაცვის სამინისტრო იმუშავებს. რაც შეეხება სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, რაც გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, მინისტრი აცხადებს, რომ სადაზღვევო პროდუქტების რედიზაინის პროცესში უშუალოდ მისი მოადგილე ჩაერთვება.
„ეკოლოგია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჭიათურისთვის. კომპანიასაც ჰქონდა შემხვედრი წინადადებები, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ. როგორც მოპოვებული ნედლეულის ტრანსპორტირების მხრივ, ისე ქალაქში სუფთა ზონების შექმნის მხრივ. რა თქმა უნდა ჩვენც და გარემოს დაცვის სამინისტროც აქტიურად იქნება ამაში ჩართული.
რაც შეეხება მაღაროელების ჯანდაცვის დაზღვევას, გვაქვს შეთანხმება, რომ ამ კვირაში ჩამოვა მინისტრის მოადგილე, რომელიც არის ამ დარგის სპეციალისტი და ერთად გააკეთებენ რედიზაინს ამ სადაზღვევო პაკეტების.
მე ვფიქრობ პროტესტის რეჟიმიდან პროცესი გადავიდა მოლაპარაკებების რეჟიმში. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს საღამოს უკლებლივ ყველა საკითხი გადაიჭრა, თუმცა ქალაქს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ფუნქციონირების ნორმანულ რეჟიმს დაუბრუნდეს“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

























