მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ახალ მინისტრს თვის ბოლოს შევხვდებით, მთავარი თემა ფოთის პორტის გაფართოება იქნება - APM Terminals

apm terminals ეიპიემ ტერმინალსი ფოთის პორტი

APM Terminals-ის წარმომადგენლები ეკონომიკის ახალ მინისტრთან შეხვედრას მიმდინარე თვის ბოლოს გეგმავენ.

როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა ფოთის პორტის გაფართოების პროექტი იქნება. ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენგან მზაობა არის. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ყოველთვის ეკონომიკის სამინისტროსთან. ახალი მინისტრი დაინიშნა. ალბათ მიმდინარე თვის ბოლოს შევხვდებით, განვიხილავთ არსებულ სიტუაციას, მოსალოდნელ შედეგებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ტვირთნაკადის ზრდამ და ერთობლივად დავსახავთ გეგმას, თუ როდის განვახორციელოთ ეს პროექტი. ჩვენ მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია წინა ხელმძღვანელობასთან და აუცილებლად გავაგრძელებთ იგივე რეჟიმში. რა თქმა უნდა, შეხვედრის მთავარი თემა პორტის გაფართოების პროექტი იქნება, რადგან ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ შუა დერეფანს შევძინოთ დამატებითი სიმძლავრე.

ფოთის პორტს სჭირდება გაფართოება, რადგან ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიციები გამყარებული დერეფნისთვის. საქართველო პორტი და ფოთის ნავსადგური არ ემსახურება მხოლოდ საქართველოს, ემსახურება კავკასიის რეგიონს, ემსახურება ცენტრალურ აზიას. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გავხდეთ ე.წ. „ვიწრო ყელი“. აუცილებლად უნდა გავფართოვდეთ, რადგან დამატებითი სიმძლავრეები უკვე ჩვენს დერეფანს შევძინოთ. გადმომისამართებული ტვირთი შეიძლება დაბრუნდეს ისევ ძველ კალაპოტში, თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ მდგრადობა.

პორტის გაფართოების პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში საუბარია 300 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. პირველ ფაზას აუცილებლად მოჰყვება უკვე მეორე ფაზა, რადგან პირველი ფაზა მოიცავს დამცავი მოლოს მშენებლობას, საზღვაო აკვატორიის და ერთი ნავსადგომის მშენებლობას”, - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს ფოთის პორტის გაფართოების "დამუხრუჭებული" პროექტი - TCRC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები