მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის დარგები, სადაც "შრომის ნაყოფიერება" იზრდება

5be022375d76b
ნინო კვინტრაძე
05.11.18 15:00
2474
2018 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება (შრომის ნაყოფიერება/ პროდუქტიულობა), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%- ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ პერიოდში, შრომის ნაყოფიერება მომსახურებასა და სოფლის მეურნეობისა დარგებში, შესაბამისად, 9 და 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ინდუსტრიულ დარგებში 11.1%-ით შემცირდა.

„მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უმთავრესად მომსახურების დარგებიდან მოდიოდა, საიდანაც გამოსარჩევი, ეკონომიკის უმსხვილესი დარგი, ვაჭრობა იყო. უცხოელ ვიზიტორთა გაზრდილმა ნაკადმა ხელი შეუწყო რესტორნებისა და სასტუმროების, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და ტრანსპორტის დარგის ზრდას“, - განმარტავენ სებ-ში.

საერთო ჯამში მომსახურების დარგების პროდუქტიულობამ 9%-ით მოიმატა. სოფლის მეურნეობის გამოშვება მეორე კვარტალში 3.3%-ით შემცირდა, თუმცა ერთი დასაქმებულის მიერ წარმოებული დამატებული ღირებულების მაჩვენებელი გაიზარდა, 8.3%-ით გაიზარდა.

„ამის მიზეზი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაა, რაც პირველ რიგში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემცირებას უკავშირდება. ინდუსტრიულ დარგებში შრომის ნაყოფიერების 11.1%-ით შემცირება მშენებლობას უკავშირდება. მშენებლობაში დასაქმებულთა რიცხვი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა, ხოლო გამოშვება 7.1%-ით შემცირდა. მშენებლობაში გამოშვების კლება ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტის გარკვეულ შენელებას შეიძლება დავუკავშიროთ. თუმცა მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასა და მათ მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების აღრიცხვას შორის პერიოდი, ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, უფრო ხანგრძლივია. შესაბამისად, შესაძლებელია ველოდოთ, რომ მშენებლობაში პროდუქტიულობის მაჩვენებლის გამოსწორება მომდევნო კვარტალებში მოხდება. საპირისპიროდ, გამოშვებისა და, შედეგად, სიმძლავრეების ათვისების მატებას შეიძლება დავუკავშიროთ პროდუქტიულობის გაუმჯობესება მრეწველობაში, რაც ძირითადად საექსპორტო პროდუქტების გამოშვების ზრდაზე აისახა. კერძოდ, მრეწველობის გამოშვება 6.7%-ით, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 1.1%-ით გაიზარდა. შედეგად პროდუქტიულობამ 5.5%-ით მოიმატა“, - განმარტავენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები