მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკაში შეფერხებულ პროექტებზე: ეს ჩვენი ერთ–ერთი გამოწვევაა

5cb30d68154b9
დავით ჯალაღონია
14.04.19 18:20
1266
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ყოველ წელიწადს იზრდება. ამის შესახებ ქობულიამ გადაცემაში "Forbes კვირა" ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, უცხოური ინვესტიციების კლების ფონზე, რა ახალი შეხვედრები, ან გამოთქმული ინტერესია ამ ეტაპზე ინვესტორების მხირდან საქართველოს მიმართ, ეკონომიკის მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ FDI მნიშვნელოვანია, თუმცა საერთო დონე, სადაც ადგილობრივი ინვესტიციებიც გათვალისწინებულია, დადებით დინამიკას აჩვენებს.

"FDI მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არავის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინვესტიციების დონე. ზოგადად ინვესტიციები არის ის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს რამდენად ხდება ინვესტირება ეკონომიკის მომავალ ზრდაში. ზოგადი ინვესტიციები რომ ვნახოთ – FDI–ს დამატებული ჩვენი ინვესტიციები, ეს არის ძალიან დადებითად მზარდი ყოველ წელიწადს. ამიტომ აქ ჩვენ შეგვიძლია კომფორტულად ვიყოთ, რომ ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში ყოველ წელიწადს იზრდება.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ეს არის მთლიანი ინვესტიციების ერთ–ერთი შემადგენელი და მისი დინამიკა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ნაწილია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ FDI–ს. აქ არის შემდეგი მომენტი გასათვალისწინებელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არ არის იმისთვის, რომ ჩვენ მხოლოდ კაპიტალი მოვიზიდოთ. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, კომპანიები მოვიზიდოთ, რომლებიც მოგვცემენ ჩვენ საშუალებას, გვქონდეს უკეთესი წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე, ანუ ამას ბევრად მეტი სარგებელი მოჰყვება, ვიდრე კაპიტალს.

ამასთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ? – ჩვენ გვაქვს რამდენიმე სექტორი ქვეყანაში, რომელთა დაკავშირებით განსაკუთრებით დაინტერესებულია უცხოური საერთაშორისო კომპანიები. ეს არის მაგალითად, იგივე ენერგეტიკაში, სადაც გვაქვს საკმაოდ დიდი პორტფელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ქარის სადგურების მშენებლობის", – განაცხადა მინისტრმა და აქვე უპასუხა გადაცემის წამყვანის რეპლიკას, რომლის მიხედვით, "ყველა წუხს შეფერხებულ პროექტებზე".

"ძალიან და აქ გვაქვს გასასწორებელი და ეს არის ჩვენი ერთ–ერთი გამოწვევა", – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ეკონომიკის მინისტრმა საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველად წიაღის სექტორი დაასახელა.

"საინტერესოა ოქროსა და სპილენძის მარაგები. წიაღის სექტორში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადავდგით ლიცენზირების გამარტივების თვალსაზრისით. ინფორმაცია წიაღის შესახებ, რა რესურსები გვაქვს, არის თავისუფალ წვდომაში ელექტრონულ ფორმატში. ადრე ასე არ იყო. მიდის მუშაობა მსოფლიო ბანკთან, თუ როგორ გავამარტივოთ პროცედურები და კიდევ უფრო მოვიზიდოთ ინვესტორები.

წიაღის მაგალითი არის ერთ–ერთი კარგი იმისთვის, რომ ეს უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიცია, არამედ იმისთვის, რომ ჩვენთან შემოვიდნენ სახელიანი საერთაშორისო კომპანები, რომლებიც შემდგომში არა მარტო წიაღში, არამედ ზოგადად მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი რეპუტაცია გაიზარდოს ევროპაში", – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის: "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

არსებული მონაცემით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმზე ფიქსირდება. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა და 1 020.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები