ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ 2 მაისის ბრძანების გაუქმების გამო, კომპანიამ შესაძლოა, სამართლებრივ ღონისძიებებს მიმართოს.
"მათ რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, რომ სამართლებრივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, მათთან ურთიერთობა კანონთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი და ყველა დარღვევა, რაც კი ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა აღმოიფხვრას, იმიტომ რომ სხვაგვარად, ეს არ ეკადრება არც ამ გლობალურ ინვესტორს და არც ჩვენს სახელმწიფოს და ეკონომიკას.
და მეორე, ნებისმიერ ასეთ წინადადებას ჩვენ რა საკვირველია, განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ანაკლიის პორტი ეს არის ჩვენი სტარტეგიული პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამ კონტექსტში განვიხილავთ, ზოგადად ქვეყანაში საპორტო ინფრასტრუქტტურის განვითარებას და ლოჯისტიკის განვითარებას", - განაცხადა თურნავამ.
"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარი ბრძანების გაუქმებას ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, გუშინ გამოეხმაურა.
"ეიპიემ ტერმინალს ფოთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამჟამად, საფუძვლიანად ვაანალიზებთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განვიხილავთ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მივმართოთ.
ამასთან, გვსურს განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხისადმი და ჩვეულებისამებრ, ვაგრძელებთ შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რათა შენარჩუნდეს ფოთისა და მისი ნავსადგურის განვითარების მტკიცე მხარდაჭერა",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფოთის პორტის მმართველმა კომპანია APM Terminals-მა გაავრცელა განცხადება, რომ მათ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტისთვის სამშენებლო ნებართვა მიიღეს. აღნიშნულზე მეორე დღესვე გააკეთა განმარტება ეკონომიკის სამინისტრომ და ნებართვა გააუქმა, ამასთან, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც უშუალოდ გასცა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი.

























