რა თქმა უნდა, ნატურით გადასახადი ჯობდა მონეტარულ ფორმას, მაგრამ „გაზპრომი“ ყველა სახელმწიფოსთან გადავიდა მონეტარული გადახდის ფორმაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარალამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ბოლო წლებია „გაზპრომი“ ყველა ქვეყანასთან მონეტარული გადახდის ფორმაზე გადავიდა. მათ შორის ისეთ მეგობარ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორიცაა ბელარუსი. რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ძალას მოლოდინი, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი რუსეთის ჯარის მიერ გვაქვს ოკუპირებული, რატომღაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ რუსულ „გაზპრომ-ექსპორტთან“ სომხეთისათვის გაზის ტრანზიტის ორწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, ტრანზიტის ანაზღაურება ფულით განხორციელდება და არა ნატურით.

























