რამდენჯერმე დაანონსების მიუხედავად, კომერციული ატაშეების დასაკომპექტებლად კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი პროცესის გაჭიანურების მიზეზად უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ასახელებს და ამბობს, რომ კომერციული ატაშეები საუკეთესო კადრებით რამდენიმე თვეში დაკომპლექტდება.
"გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, მუდმივად მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროში შევიდა საინვესტიციო სააგენტო, გამსხვილდა "აწარმოე საქართველო", რაღაცა პერიოდი იყო გადაწყვეტილება, რომ შეიძლებოდა კომერციული ატაშეები ჩასმულიყვნენ "აწარმოე საქართველოში", თუმცა, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დარჩებიან ეკონომიკის სამინისტროს დონეზე იმისთვის, რომ დონე უფრო მაღალი იყოს და ამას აღარ დასჭრდება საკანონმდებლო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი დაბრკოლება, რატომაც არ გამოცხადდა კონკურსი. ჩვენ მზად ვართ, კონკურსების გამოსაცხადებლად და სავარაუდოდ, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ამას დავაკომპლექტებთ, გვინდა საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდეს, რადგან მოლოდინი მაღალი გვაქვს",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

























