საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან შეხვედრა გაიმართა.
ერთ-ერთი საკითხი, რაც კერძო სექტორმა მინისტრთან მოთხოვნებს შორის დააყენა, სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათებს ეხება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან შექმნილი კომპანიები, როგორც „აწარმოე საქართველოა“ და სოფლის მეურნეობის პროგრამებში მიღებული წახალისებით მიღებული პროდუქცია, გარკვეული პრეფერენციებით ისარგებლონ. ეს სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან. ჩვენ წინაზეც გვქონდა შეხვედრები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, მათ შორის, კონსოლიდირებულ ტენდერებზეც იყო ლაპარაკი და მთლიანობაში, ახალი კანონი იქმნება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელშიც ეს ჩაიდება. ამაზე მიდის მუშაობა“, - განაცხადა სილაგავამ და აქვე განმარტა, რა სახის შეღავათებს ითხოვს კერძო სექტორი.
მისი თქმით, იმ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელთა ღირებულება 150 ათას ევრომდეა, ადგილობრივ მწარმოებლებს წახალისების მექანიზმი უნდა ჰქონდეთ. კერძოდ, თუ იმპორტიორი ტენდერში ადგილობრივ მწარმოებელთან შედარებით 10%-მდე დაბალ ფასს წარმოადგენს, აღნიშნული თანხის კომპენსირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს.
„150 ათასი ევროს მონეტარული ზღვრის ქვემოთ, სახელმწიფო შესყიდვებისთვის შეუძლია გადაწყვიტოს ადგილობრივმა მუნიცპალიტეტმა შესყიდვების თემა. აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ დიდი რეზერვი. ეს არის თითქმის ნახევარი მილიონი ლარი და შესაბამისად, ეს არის საკმაოდ დიდი რეზერვი იმისთვის, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა არა მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებულად გაიტანონ თავიანთი პროდუქცია, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც ჰქონდეთ ეს ყველაფერი. ეს არ არის ზუსტად 10%. ეს შეიძლება იყოს 10%-მდე. ეს არის აპრობირებული მეთოდი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ აშშ-ში, თურქეთში, კანადასა და ავსტრალიაში.
მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის სწორი პოზიცია. მათ იციან ამის შესახებ და ამაზე მუშაობენ, ანუ ახალი კანონის მიღების დროს ეს მექანიზმი იქნება ჩადებული“, - განაცხადა სილაგავამ და დასძინა, რომ „ეს შექმნის სამუშაო ადგილებს, ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს და ვალუტის კურსზე დადებითად იმოქმედებს“.

























