ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია არ გამორიცხავს ცვლილებებს სებ-ის რეგულაციებში, რომელიც საფინანსო სექტორს სესხის გაცემაზე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. რეგულაციების მიხედვით, ბანკების შემდეგ აღარც მიკროსაფინანსოებს აღარ შეეძლებათ სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე. ასევე დგინდება თანხა, რომელიც შესაძლოა იყოს მიმართული სესხის მომსახურებაზე და ის დამოკიდებულია პირის შემოსავალზე.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა საბანკო ასოციაციის მოსაზრებას, რომ რეგულაციების ამ სახით ძალაში შესვლის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა წლიურად 3%-ით შემცირდება, მინისტრი ამბობს, რომ კონსულტაციები საბანკო სექტორთან გრძელდება.
„ვთვლით, რომ ეს რეგულაციები არის სწორი და მისაღები. ამ რეგულაციების კონკრეტიკას განვიხილავთ და გავდივართ ბიზნესთან ერთად. ჯერჯერობით დეტალური გაწერა არ არის დასრულებული, ამიტომ შიგნით, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები მოხდეს.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომხმარებელი და მოქალაქე, რომ არ ჰქონდეს ჭარბი ვალი, არ შევიდეს შავ სიაში, არ დაკარგოს მოტივაცია, რომ იპოვოს სამსახური და არ დარჩეს საზოგადოების ფარგლებს გარეთ. ამას ვაკეთებთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მინიმალური ზიანით საბანკო სექტორისთვის და საერთოდ რეალური ეკონომიკისთვისაც“,- აცხადებს მინისტრი.

























