ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთავრობის 2018 წლის ანგარიში შეაფასა, როემლიც დღეს მედიას და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო.
BM.GE-სთან საუბრისას მიმდინარე წლის მიღწევებს შორის ქობულიამ ეკონომიკური ზრდის ტემპები გამოყო.
„ეკონომიკის თვალსაზრისით, შედეგები სახეზეა. შარშან 5%-ით გავიზარდეთ, მიახლოებით - წელსაც. მე მგონია, რომ საგადასახადო მიმართულებით ძალიან დიდი რეფორმები გატარდა, იგივე დღგ-ის დაბრუნება.. გარდა ამისა, ის ვალების გასტუმრება, რომელიც მოხდება, შემდეგ წელს ძალიან დიდ შედეგს აჩვენებს. პრინციპში, ყველა მიმართულებით სწორად ვმოძრაობთ და მიგვაჩნია, რომ შედეგები გვაქვს და კიდევ უფრო მეტს დავინახვთ“, - განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ ის გამოწვევებიც დაასახელა, რაც დღეს ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით რჩება.
„ჩვენი გამოწვევაა უმუშევრობა. უფრო მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ. ჩვენ სიღარიბე შევამცირეთ - 2012 წელს 30% იყო, წელს 20% გახდა და კიდევ უფრო მეტად არის შესამცირებელი, ტოტალურად უნდა აღმოვფხვრათ“, - აღნიშნა მან.
ეკონომიკის მინისტრის მსგავსად, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შორის სიღარიბე დაასახელა.

























