მე ვიქნები მცირე და საშუალო ბიზნესისა და რიგითი მოქალაქეების ლობისტი,- ამის შესახებ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა მის მინისტრად დანიშნვნას, რადგანაც ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურნავას მინისტრად დანიშვნას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ლობირებდნენ.
ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ ადამიანებს იცნობს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია, არასწორია.
„მე მას შემდეგ რაც გამოცხადდა ჩემი დანიშვნა, ბვერი უცნაური სპეკულაცია მოვისმინე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, სერიოზული პასუხის გაცემა არ შემიძლია. თუ გადახედავთ ჩემს შრომით ბიოგრაფიას, რომელიც საჯაროა, ნახავთ, რომ ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ბევრ ხელმძღვანელ თანამდებობაზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში და ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა და ეს არ უნდა იყოს სპეკულაციების საგანი. თუ ვინმეს წარმოვადგენ მე დღეს ამ მთავრობაში, თუ ვინმეს ლობირებას მოვახდენ ამ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან. კიდევ უფრო გახსნილი იქნება ეკონომიკის სამინისტრო“,- აცხადებს ნათია თურნავა.

























