მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებს შეხვდა

5ce6a8b990c40
BM.GE
23.05.19 17:59
986
საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის ხელმძღვანელობით ირლანდიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, შეხვედრები დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელობასთან გაიმართა.

ქართული მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ეკა მრელაშვილი.

აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირლანდიის გამოცდილების გაზიარება აეროპორტების კომერციული განვითარების, ახალი მარშრუტებისა და ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კონცეფცია "შენონის ჯგუფს" ეკუთვნის და იგი გასული საუკუნის 50-იან წლებში იქნა შემუშავებული. შენონის აეროპორტი ასევე იყო პირველი პუნქტი, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საზღვრებისგან მოშორებით, ირლანდიაში დაიწყო ქვეყანაში მიმავალი მგზავრების შემოწმება.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე აკაკი საღირაშვილმა და დელეგაციის წევრებმა ირლანდიის მხარეს გააცნეს საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ქვეყნის წამყვანი რეიტინგები და ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლზე რეგიონში.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს საავიაციო სფეროში მიმდინარე პროცესებზე, აეროპორტების განვითარების პოლიტიკასა და მგზავრთნაკადის მზარდ დინამიკაზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქვეყანაში ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობის რეკორდულ ზრდასთან ერთად, ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანიები შემოვიდნენ და მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ახალი პირდაპირი რეისები დაინიშნოს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. დუბლინის და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებმა გამოხატეს საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და საქართველოს აეროპორტების კომერციული განვითარების მიზნით კონკრეტული პროექტების შესაძლო შემუშავების ინტერესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები