ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებს პასუხობს, რომლებმაც ახალი რეგულაციებით შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ისაუბრეს.
კერძოდ, შპს "ა პლასტის" წარმომადგენელმა მელიტა პატარიძემ დღეს პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციის საკომიტეტო განხილვისას განაცხადა, რომ ის საკრედიტო ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე მწარმოებლებმა პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" დახმარებით აიღეს, მათთვის დღეს წინააღმდეგობას ქმნის.
როგორც საპასუხოდ გენადი არველაძე აღნიშნავს, მთავრობა სახელმწიფო პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება.
"აწარმოე საქართველოში" არის დახმარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უწყობ ხელს. მაგალითად, თუ სესხი არის 13%, აქ სუბსიდირებას 10%-ით ვახდენთ. ასევე, გაქვთ ორწლიანი საშეღავათო პერიოდი", - განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ როგორც საკომიტეტო განხილვისას პოლიეთილენის მწარმოებლებმა აღნიშნეს, პარკების აკრძალვა მათ ბიზნესს პრობლემებს უქმნის.
"პროგრამის – აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ საკრედიტო ვალდებულებები ავიღეთ, რომლის რაოდენობაც, პირადად ჩემი საწარმოს შემთხვევაში, 350 000 ევროს სცილდება. ჩვენ წარვადგინეთ პროექტი დანადგარის შესახებ, რომელიც პოლიეთილენის წარმოებისთვის გვესაჭიროებოდა. თუკი ჩვენ, მეწარეებმა გულგრილობა გამოვიჩინეთ, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საბანკო სისტემა რატომ არ იქნა გაფრთხილებული, რომ მსგავსი კრედიტები დაკმაყოფილებული არ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების წარმოება აიკრძალებოდა", - აღნიშნა მელიტა პატარიძემ.
მისივე თქმით, მეწარმეებმა სწორედ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტით ისარგებლეს.
"მეწარმეებმა იმ პროექტით ვისარგებლეთ, რომელიც სახელმწიფომ შემოგვთავაზა, რათა წარმოება გამარტივებული ყოფილიყო და ხალხი დასაქმებული გვყოლოდა", - აღნიშნა შპს "ა პლასტის" წარმომადგენელმა.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაცია იკრძალება.

























