ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის მისი წინამორბედის გიორგი ქობულიას მინისტრობის პერიოდში ტემპთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, რა მიმართულებით დაუწუნა პრემიერმა ბახტაძემ თანამდებობიდან გათავისუფლებულ გიორგი ქობულიას ტემპი.
ნათია თურნავას თქმით, ის 8 თვე მუშაობდა გიორგი ქობულიასთან, კურირებდა ერთ კონკრეტულ მიმართულებას და ჰქონდა დავალება როგორც პრემიერისგან, ასევე ეკონომიკის მინისტრისგან ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით.
„მე ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ვგრძნობდი. დანარჩენი დეტალები, მე არ ვიცი“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ეკონომიკის მინისტრის ცვლილებაზე, კარგად განმარტა პრემიერმინისტრმა და ის ვერაფერს დაამატებს.

























