ამის შესახებ კობახიძემ Bm.ge-ის გიორგი ქობულიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კობახიძის განმარტებით, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა ქობულიასთან შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემური საკითხი დასვეს, რაზეც მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ მათი განხილვა სხვა ფორმატში კიდევ ერთხელ მოხდება.
"მთავარია, გაისვას მკაფიო ხაზი, საბანკო სექტორის მიერ სადაზღვევო კომპანიების დაფუძნების დროს კონკურენციის ნაწილში. მზად ვართ, რომ დავსხდეთ ბანკებთან და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე, რომ გადავწყვიტოთ, რა იქნება ეფექტური საერთაშორისო გამოცდილებით აპრობირებული მეთოდი, რომ ბანკი იყოს სადაზღვევო კომპანიის პარტნიორი და სადაზღვევო კომპანიას არ ჰქონდეს შიში, რომ მის მიერ განთავსებული მონაცემები, ბანკის მიერ არახელსაყრელად იქნება გამოყენებული და თავის სადაზღვევო კომპანიაში იქნება მიმართული.
მინისტრისთვის გასაგებია ჩვენი წუხილი საბანკო სექტორთან დაკავშირებით, თუმცა, საჭიროა, დამატებით კონსულტაციები, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს“,- აცხადებს ნინა კობახიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი იყო ავტომობილების მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება, რომელიც სავალდებულო იქნება უკვე საქართველოში მოძრავი ავტომობილებისთვის.
„აღინიშნა, რომ ამ რეფორმის თავიდანვე არასწორად ამოქმედება დააზიანებს როგორც მთავრობას, ასევე ინდუსტრიას. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ ვალდებულების ამოქმედებაზე. სწორედ ამ პროცესში მეტი აქტიურობა და სისწორეა საჭირო, რომ ისეთი პროდუქტი მივიღოთ, რომელიც ხელსაყრელი იქნება მოსახლეობისა და მთავრობისთვისაც“,- აცხადებს კობახიძე და აღნიშნავს, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ახალი რეგულაციის 2019 წელს ამოქმედებისთვის.
ნინა კობახიძის ინფორმაციით, სადაზღვევო სექტორმა ასევე ითხოვა დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს ბორდში მათი წარმომადგენლის დანიშვნა და ამ შესაძლებლობის განხილვა. ამასთან, მათი თხოვნა იყო, რაც შეიძლება მოკლე დროში დაინიშნოს სააგენტოს ხელმძღვანელი, რამდენადაც უკვე 6 თვეა ეს პოსტი ვაკანტურია.
კობახიძის თქმით, მინისტრმა შეხვედრაზე ახსენა, რომ მთავრობა მუშაობს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის სადაზღვევო სექტორზე გავრცელებაზეც იმაზე ადრე, ვიდრე ეს დაანონსებულია. ცნობილია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი სადაზღვევო და საბანკო სექტორზე 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს.