მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული გადასახადის დაწესების იდეაზე გაიცინა"

5858fcb8598ba
თელარა გელანტია
20.12.16 13:40
3625
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ტურისტული გადასახადის დაწესების იდეას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სერიოზულად არ აღიქვამს.

აღნიშნული საკითხი გიორგი გახარიასთან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების დახურულ შეხვედრაზე დაისვა.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განუცხადეს, "ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ აღნიშნულ იდეას არც ბიზნესი და არც ეკონომიკის მინისტრი არ ეთანხმება.

„ძალიან გამიხარდა, რომ ეკონომიკის მინისტრთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელმა ამ იდეაზე გაიცინა და ეს იდეა სერიოზულად არ აღიქმება მინისტრთა კაბინეტში“, - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" სასტუმროების მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა.

ტურისტული გადასახადის შემოღების წინააღმდეგია ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარიც.

"ზოგადად, კერძო სექტორისთვის მსგავსი გადასახადის დაწესება მიუღებელია. ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ ვართ. ტურისტებს კიდევ მსგავსი გადასახადი რომ გადავახდევინოთ, სანაცვლოდ რა დამატებით სერვისს ვაძლევთ?! რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა?! შეიძლება მსგავსი გადასახადი ბერლინში მუშაობს, მაგრამ ახლა საქართველო ამისთვის მზად არ არის", - აცხადებს ია თაბაგარი.

"გუდაური ჰელისკის" დამფუძნებელ ვატო ასათაშვილსაც იმედი აქვს, რომ მსგავს გადასახადს მთავრობა არასდროს დააწესებს.

"ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ე.წ. ტურიზმის გადასახადზე სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა და ეს ძალიან მისასალმებელია; სახელმწიფო ამ გადასახადის დაწესებაზე სერიზულად არ ფიქრობს", - აცხადებს ვატო ასათაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტარი ბექა ოდიშარია თბილისის ტურისტულ ნაწილში ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადის დაწესების ინიციატივით რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა. მისი თქმით, გადასახადის დაწესება აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს ბევრ ისტორიულ ქალაქსა და ქვეყანაში და ეს დედაქალაქის ტურისტული ზონის გაფართოებას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები