მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობით საქართველო რეგიონში ლიდერია

6450ea0ca0873
BM.GE
02.05.23 14:43
527
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) გუნდის მიერ საქართველოში ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა, რომელიც ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მოდელით ჩატარდა.

საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადაში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, შედეგად საქართველომ რეგიონის ქვეყნებს შორის დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობით ლიდერის პოზიციები დაიკავა.

საქართველოსთვის ოლიმპიადის მნიშვნელობის შესახებ თავად INEV-ის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ. როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას და უფრო გონივრული, ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. მათივე განმარტებით, ეკონომიკა საზოგადოების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და გარკვეულწილად მის დემოკრატიულ მომავალსაც განაპირობებს.

„INEV-ის ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს, ახალგაზრდების ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებას და სკოლის მოსწავლეებში როგორც ეკონომიკური, ასევე, ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რადგან თუ მოქალაქეებს ესმით როგორ მუშაობს ეკონომიკა და ზოგადად ფული, მაშინ ისინი იღებენ უკეთეს გადაწყვეტილებას და აკეთებენ პასუხისმგებლიან არჩევანს. მეტი ანგარიშვალდებულება კი მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიასთან“, - განმარტავენ INEV-ის გუნდში.
პირველი რაუნდის შემდეგ ეროვნულ ტურში 230 მოსწავლე გადავიდა, რომელთაგან ჟიური ხუთ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს გამოავლენს. ისინი საერთაშორისო ტურში საასპარეზოდ სლოვაკეთში გაემგზავრებიან, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 18 ქვეყნიდან 90 მოსწავლე მიიღებს. მათ შორის იქნებიან მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„საქართველოში გამართულ ოლიმპიადაში მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ოლიმპიადა პირველად გაიმართა. ვიმედოვნებთ, შემდეგ წლებში მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ INEV-ის გუნდში.

ეკონომიკის ოლიმპიადის საქართველოში ჩამოტანა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის იდეა იყო. „ამ ინიციატივით, ჩვენ განვიზრახეთ შეგვექმნა ისეთი ღონისძიებების ციკლი, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური განათლების ასამაღლებლად მოსწავლეებს მთელი სასწავლო წლის მანძილზე ჩართავდა ცოდნის მიღების, ამაღლებისა და გაზიარების პროცესში. სწორედ ასეთია INEV-ის ფორმატით ჩატარებული ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძელით პირველივე წელს ასეთი დიდი ინტერესის გამოწვევა სკოლის მოსწავლეებს შორის. ვფიქრობთ ეს მომავალი წარმატებების საწინდარია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლებში ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდს საქართველოც უმასპინძლებს“, - განაცხადეს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივაში (GELi).

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად უჭერს მხარს განათლებას და აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების ბენეფიციართა ჯამური რაოდენობა 100 000-ს უტოლდება.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აქტიურად აგრძელებს განათლებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას. ჩვენს გუნდს სჯერა, რომ უკეთესი, უფრო დემოკრატიული და განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში საბაზისო ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყანაში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობით კი საქართველო რეგიონში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ეკონომიკისადმი მზარდი ინტერესი ფინანსური ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ყოველი ახალი ინიციატივა კი დასახული მიზნისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

საქართველოს ბანკის გუნდში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით სასიხარულო რეგიონების სკოლებში ოლიმპიადისადმი გამოვლენილი მაღალი ინტერესია, რადგან განათლების დეცენტრალიზაცია და განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სწორედ ის ინსტრუმენტებია, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებენ.

„საქართველოს მასშტაბით ეკონომიკის ოლიმპიადაში რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების ჩართულობამ 70% შეადგინა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების ძირითადი ძალისხმევა სწორედ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების თანაბარი და განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობის შექმნისკენ არის მიმართული“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკთან ერთად ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან: Economic Fundamentals Initiative (EFI), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Institute of Economic Education (INEV).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები