„20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10%-პროცენტიანი კლება აღინიშნება," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ტრადიციული ყოველთვიური სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია, ჯამურად ივლისში საქართველოს ყველა აეროპორტი რამდენ მგზავრს მოემსახურა და ზრდა დაფიქსირდა თუ - კლება.
აკაკი საღირაშვილის თქმით, 2019 წლის ივლისში კლების ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის გაზრდა 9%-10%ით იყო გათვლილი.
„ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი. მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა," - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
ამასთან, სამინისტროს განცხადებით, წინა ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა.
„2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი) საქართველოს ხუთივე აეროპორტი, ჯამში, 2,487,575 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 2018 წელს 2,103,126 მგზავრი.
სამწუხაროდ, ნაცვლად ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნებისა, გვაქვს სერიოზული კლება ივლისის თვიდან.
შესაბამისად, 2019 წლის 7 თვეში, ჯამში, ნაცვლად 18%-იანი ზრდის შენარჩუნებისა, ზრდის მაჩვენებელი დაეცა 12%-მდე და ეს ტრენდი დაღმავალია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























