„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობას ეკონომიკის სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვის მიღების გაჭიანურების გამო ვერ ახერხებს.
კომპანიამ ფაბრიკის პროექტირებაზე 3 მილიონ ლარამდე უკვე დახარჯა. შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ კი ფაბრიკის მშენებლობაზე 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგემება, რის მოპოვებასაც „ჯორჯიან მანგანეზი“ უკვე 2 წელია ელოდება.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, ფაბრიკის სიმძლავრე წელიწადში 400 ათასი ტონა მადნის გადამუშავება იქნება. ქარხნის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ სრულად გამოირიცხება მდინარე ყვირილას დაბინძურება, რაზეც კომპანიას ერთ-ერთ ნაწილში გარემოს დაცვის სამინისტრო ედავება.
„ჩვენ ჩავატარეთ საპროექტო სამუშაოები, რომელიც გერმანულ კომპანია „Allmineral“-თან ერთობლივად განხორციელდა. ეს კომპანია მზადაა დაიწყოს მშენებლობა მას შემდეგ, რაც იქნება შესაბამისი ნებართვა. ეს არის თანამედროვე გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც მუშაობს დახურული ციკლით. ამ ფაბრიკის არსებობის შემთხვევაში საერთოდ გამოირიცხება მდინარე ყვირილას დაბინძურება. კომპანია მზადაა 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, თუმცა სამშენებლო ნებართვის მიღება დროში გაიწელა“-აცხადებს ზაქარია ზალიკაშვილი.

























