ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი, რომელიც 2018 წლის მარტში დაიწყო, წლის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც BM.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, კომერციული ატაშეების თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს განაცხადების შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს: განაცხადების გადარჩევა, სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე ფორმით შეფასება (წერითი დავალება, პრეზენტაცია, ენის ცოდნის დადგენა, გასაუბრება და ა.შ.) და სავალდებულო სწავლება.
„ასევე აუცილებელია, ტრენინგ-კურსების გავლა, რომელიც გარკვეულ პერიოდს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ისევ მოხდება ატაშეების ცოდნის გადამოწმება. ამის შემდეგ მოდის პრაქტიკული კურსი, რომელიც სხვადასხვა უწყებაში პრაქტიკულ კურსს გულისხმობს. ბოლო ეტაპია აპლიკანტების მხრიდან სამოქმედო გეგმის შედგენა. დადებითი შედეგის შემთხვევაში კი, ისინი დაინიშნებიან კომერციული ატაშეს პოზიციაზე“, - განმარტეს სამინისტროში.
როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე საქართველოს კომერციული ატაშე 6 ქვეყანაში (აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ეყოლება.
შეგახსენებთ: ეკონომიკის სამინისტრომ კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება აპრილში დასრულდა.

























