მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ეკონომიკის] სამინისტრო და ესკო ნორმატიული ცვლილებების მიღებას აგვიანებენ - Helios Energy ნეტო დარიცხვაზე

მზის სადგური

მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ნეტო დარიცხვის სისტემის აქტიურად ამუშავებას, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გარკვეული ნორმატიული აქტების გაჭიანურება აფერხებს.

როგორც Helios Energy-ის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ BMG-ის განუცხადა, ნეტო დარიცხვის სისტემა იძლევა საშუალებას, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიას” და “თელასის” გარდა, მიკროსიმძლავრის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ბაზარზე არსებულმა თავისუფალმა მიმწოდებლებმა შედარებით მაღალ ფასად იყიდონ.

თუმცა დარჯანიას თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მხრიდან გარკვეული ნორმატიული ცვლილებების მიღება გვიანდება.

მისივე თქმით, ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში არსებულ დაბალ ტარიფთან ერთად ეს გარემოება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ნეტო დარიცხვის სქემის მიმართ მომხმარებლების მხრიდან შედარებით დაბალ ინტერესს განაპირობებს.

“[ნეტო დარიცხვის გასააქტიურებლად] პირველი და აუცილებელი არის ის, რომ თავისუფალმა მიმწოდებელმა ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვა შეძლოს და ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება თავისუფალ მიმწოდებელთან. მათ შეუძლიათ, დაახლოებით 5 ცენტის ფარგლებში იყიდონ ელექტროენერგია, რაც 12-13 თეთრის ფარგლებშია, და არა დღევანდელი 6.5 თეთრი [რაც “ენერგო-პროს შემთხვევაშია”]. ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება, რომ ნეტო დარიცხვის მოდელი საინტერესო გახდეს.

თავისუფალმა მიმწოდებელმა ეს მექანიზმი რომ აამუშაოს, ნორმატიული ცვლილებებია საჭირო, რასაც [ეკონომიკის] სამინისტრო და ესკო [ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი] ერთობლივად აგვიანებენ. ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებელი არსებობს, მაგრამ ეს ჭარბი ელექტროენერგია მის შესასყიდ კალათაში ვერ ხვდება, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებიდან გამომუშავდება”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ნეტო დარიცხვის სისტემაში 100-მდე მომხმარებელია ჩართული. 1 ოქტომბრიდან რეგიონებში, “ენერგო პროს” აბონენტებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს.

ნეტო აღრიცხვის სისტემით სარგებლობა ჯერ კიდევ შესაძლებელია თბილისში, “თელასის” აბონენტებისთვის, სადაც ჯერჯერობით ქსელში ინტეგრაციის 20%-იანი ლიმიტი ამოწურული არაა. თუმცა 2027 წლიდან უკვე თბილისშიც ყველა ახალ მიკროსიმძლავრის სადგურს ქსელში ჩართვა ნეტოდარიცხვის სქემით მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები