საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე 2017 წლის ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას მსხვილი საინვესტიციო პროექტების აქტიური ფაზის დამთავრებით ხსნის.
ამის შესახებ ჯავახაძემ სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ რიგ დარგებში უხოური ინვესტიციების კლებასთან ერთად, გაზრდილია ინვესტიციები ისეთ რეალურ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა და ტურიზმი.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ძირითადად მიზეზები არის ის, რომ გარკვეული მსხვილი საინვესტიციო პროექტების აქტიური საინვესტიციო ფაზა მიილია და ნელ-ნელა სრულდება. ეს ძირითადად ეხება ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის დარგს და ენერგეტიკას, მაგრამ როგორც ცნობილია, ამ დარგეში მოსალოდნელია ძალიან მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიცააა ანაკლიის პორტი, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური და ა.შ. შესაბამისად, ამ დარგებში ინვესტიციების უფრო მეტად გააქტიურებას უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მეორე კვარტალში $346.6 მლნ-ის FDI განხორციელდა ქვეყანაში, რაც 14.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირველ ორ კვარტალში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი შეადგინა 751 მლნ. აშშ დოლარი, რაც 5.5%-იან კლებას ნიშნავს.

























