საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, უწყება ბუნებრივი გაზის განაწილების კუთხით მომუშავე კომპანიების მიმართ ახალი რეგულაციების დაწესებაზე მუშაობს.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარი უბედური შემთხვევების გამო. სამინისტრო მუშაობს არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაზე. პირველ რიგში, ეს არის ტექნიკური რეგლამენტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ მოთხოვნები იმ კომპანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ გაზგაყვანილობის მონტაჟს როგორც - კორპუსებში, ისე - ცალკეულ ბინებში. მეორე მიმართულება არის ჩვენი გამკაცრებული მოთხოვნები გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ. კონტროლი მკაცრდება, მაგრამ იმავდროულად გვინდა აღვჭურვოთ ისინიც დამატებითი ბრკეტებით, რათა უფრო ოპერატიულად ახორციელონ თავიანთი საქმიანობა და შემოწმება“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, სამინისტრო საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოსახლეობამ იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება ბუნებრივ გაზთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. გარდა ამისა, 21 იანვარს, ვარკეთილში, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელის გაჟონვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

























