ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებების მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით შეძლებს. უწყებამ, 440 000 ლარის ღირებულების შესყიდვაზე თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო- მოტივად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება სახელდება.
აღნიშნული ფულის გამოყენებას სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში გასამართ ღონისძიებებში აპირებს, კერძოდ პრეს-კონფერენციებში, პრეზენტაციებში, ტელე, ინტერნეტ და რადიო რეკლამებში, ვიდეო რგოლებისა და ბეჭდვითი რეკლამის დამზადებასა და სხვა სახის მარკეტინგულ აქტივობებში. ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე მიმართულებას ასახელებს, რომლის ფარგლებშიც აუცილებლად მიიჩნევს საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ესენია, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, “Check In Georgia”-ს ფარგლებში საზოგადოებისა და ბიზნესის ინფორმირება, დაგეგმილი მსხვილი ენერგოპროექტების ირგვლივ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ასევე 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

























