მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო: "ნამახვანი ჰესის" ინვესტორებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

5c90e4ad4a6d9
BM.GE
19.03.19 16:43
1164
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამინისტროსა და "ნამახვანი ჰესის“ ინვესტორთა შორის წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

"ნამახვანი ჰესის" მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ "ნამახვანი ჰესის" ინვესტორ კომპანიებთან გამართული დასკვნითი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

"ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო ეტაპი ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდება ეკონომიკის სამინისტროსა და "ნამახვან ჰესის" ინვესტორებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ხელშეკრულების იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, ჰესი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი და ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

ცნობისთვის: "ნამახვანი ჰესების კასკადი" იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია "ემ კა" და ნორვეგიული ჯგუფი "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია" ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15%–ით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები