საქართველო წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი გაზის მიღებას ვარაუდობს. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს გაზის მოთხოვნა / მიწოდება 2.8%-ით გაიზრდება. სულ ქვეყანა 3.322 მლრდ კუბ. მეტრი ბუნებრივ გაზს მიიღებს, მათ შორის 400 მლნ კუბ. მეტრს რუსეთიდან, რაც 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე - 200 მლნ-ზე ორჯერ მეტია.
2025 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წელსაც საქართველო გაზის უდიდეს ნაწილს - 2.9 მლრდ კუბ.მეტრს კვლავ აზერბაიჯანიდან მიიღებს. მეზობელი ქვეყნიდან საქართველო გაზს წინა წლების მსგავსად, შაჰდენიზის საბადოდან და "სოკარისგან" იღებს. მათ შორის აზერბაიჯანული გაზის გატარებით დამატებითი და ოფციური გაზის ჯამური მოცულობა 1.598 მლრდ კუბ. მეტრი იქნება.
2025 წელს მისაღები გაზის საპროგნოზო მაჩვენებლები:
- აზერბაიჯანი - 2 907 655 000 კუბ.მეტრი
- შაჰ-დენიზი - 1 598 827 000 კუბ. მეტრი (შაჰდენიზი დამატებითი - 509 996 000 კუბ. მეტრი; ოფციური 1 088 832 000 კუბ. მეტრი)
- სოკარი - 1 308 828 000 კუბ. მეტრი
- რუსეთი - 400 მლნ კუბ. მეტრი
- ადგილობრივი მოპოვება 14 735 000 კუბ. მეტრი
სულ 3 322 390 000 (+2.8%)
რაც შეეხება მოხმარებას, წელს საქართველოში გაზის მოხმარება 90.8 მლნ კუბ. მეტრით გაიზრდება და 3.28 მლრდ კუბ. მეტრს მიაღწევს.
2025 წელს გაზის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლები:
-სოციალური - 2 302 168 000 კუბ. მეტრი
-თბოსადგურები 754 583 000 კუბ. მეტრი
-მოსახლეობა 1 547 585 000 კუბ. მეტრი
-კომერციული 980 222 000 კუბ. მეტრი
სულ 3 282 390 000 კუბ. მეტრი
რაც შეეხება 2024 წლის ფაქტობრივ მონაცემებს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს 11 თვეში საქართველოში 2.2 მილიარდი მ3 გაზია ექსპორტირებული, რაც დაახლოებით 300 მლნ მ3-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„საქსტატის“ ცნობით, ამაში ქვეყანამ 217.6 მლნ დოლარი გადაიხადა. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 2024 წელსაც შემცირდა, 2023 წელთან შედარებით აზერბაიჯანულ გაზში 22%-ით ნაკლებია გადახდილი. ამის საპირისპიროდ, 2024 წელს კვლავ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში საქართველომ რუსეთიდან 140.2 მლნ დოლარის ბუნებრივი გაზი მიიღო, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ეს მაჩვენებელი 108.8 მლნ დოლარი იყო.