ეკონომიკის სამინისტრომ იურიდიულ მომსახურებაზე 192 275 აშშ დოლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
კერძოდ, იურიდიული მომსახურების შესყიდვა გულისხმობს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას. რეგლამენტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა მომზადდეს.
როგორც ირკვევა, თავდაპირველად პროექტი USAID-ს უნდა დაეფინანსებინა, თუმცა დონორმა მასზე მუშაობა შეწყვიტა, რის გამოც ის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
"ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შემუშავების მიზნით, სამინისტრო თანამშრომლობდა USAID-თან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის მიერ გამოცხადდა კონკურსი, რომლის საბოლოო შედეგიც ვერ დადგა, რადგან დონორმა ორგანიზაციამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა პროექტის გაგრძელების საკითხი სამინისტროს სახსრებით",- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ექსპლუატაციაში მიღებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ნორმების შემუშავებასა და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების (კაშხლები) უმრავლესობის საშუალო ასაკი აჭარბებს 62 წელს. მსოფლიოში არსებული მიდგომებით და დადგენილი პრაქტიკით, ამ წლოვანების ამგვარი ნაგებობების შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს მეტალის, ბეტონის და სხვა შემადგენელი კომპონენტების დაძველება, რაც ქმნის ინციდენტებისა და ავარიების მაღალ რისკის. აქედან გამომდინარე, საჭიროა ნაგებობების მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი და კონტროლი სხვადასხვა სახის ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, რისთვისაც აუცილებელია ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება.
ამასთან, განმარტებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების დაკისრება, თუმცა ტექნიკური რეგლამენტის (ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ) არარსებობის გამო ვერ ხდება კანონის აღსრულება.
სამინისტროს მხრიდან გამარტივებული შესყიდვის საჭიროება იმითაა დასაბუთებული, რომ ვინაიდან ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია მათი წლოვანებიდან გამომდინარე, საჭიროა მათი შემჭიდროებულ ვადებში შემოწმება და უსაფრთხო ფუნქციონირების წესების განსაზღვრა. ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კი მომსახურების შესყიდვის პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდება, რაც რისკების პრევენციას შეაფერხებს.