საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, „ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდა საერთო ჭრილში უნდა განვიხილოთ“.
ასე უპასუხა წერილობით სამინისტრომ bm.ge-ის იმ კითხვას, რომელიც აგვისტოში ეკონომიკის 2%-ით ზრდის მიზეზებს შეეხებოდა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემით, 2018 წ ლის იანვარი - აგვისტოს მშპ-ს საშუალო ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი მდგრადია რეგიონში, რაც ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 8.8%-ით მეტია და 6 105.7 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 387 ერთეულს გაუტოლდა, რაც 21.1%-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემთან შედარებით.
მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტმა - აზიის განვითარების ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვ., საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით და ინვესტიციების ზრდით იყო განპირობებული. მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესზე რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
2018 წლის აგვისტოში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა კვლავ დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში - 27.2% ასევე ვაჭრობაში 8.6% ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახა ასევე სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში ზრდა (5.7%) ასევე ტრანსპორტის სფეროში (4.6%)
საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. 2018 წლის აგვისტოში საქონლის ექსპორტის 16.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 275.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იმპორტი 8.3 პროცენტით გაიზარდა და 762.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაზე ასევე პოზიტიურად აისახა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.
„აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 12.0 პროცენტით (47.1 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 441.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე დროს, მშპ-ს მაჩვენებელზე ასევე გავლენა მოახდინა მშენებლობის სექტორში დაფიქსირებულმა კლებამაც, რაც, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ ეს სფერო წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო და ქაოტურად ვითარდებოდა. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მშენებლობის სექტორის მოწესრიგება და ახალი, დასავლური სტანდარტების დანერგვა. აღნიშნული დინამიკა მოკლევადიან პერიოდში აუცილებლად გაუმჯობესდება და მშენებლობის სექტორში ეკონომიკური ზრდა კვლავ განახლდება უფრო მაღალი ევროპული სტანდარტებით. ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდა საერთო ჭრილში უნდა განვიხილოთ. 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის 5%-ია, შესაბამისად, ერთი კონკრეტული სექტორის ერთი თვის მონაცემები საერთო სურათზე საგრძნობ გავლენას ვერ იქონიებს“, - განმარტავენ უწყებაში.
შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა, რვა თვეში კი ზრდზამ 4.8% შეადგინა.

























