ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა დასაქმების პოლიტიკის კვლევას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით, საწარმოთა დასაქმების პოლიტიკის შესწავლა სურს. საკვლევი ობიექტები იქნებიან, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები და მათი დასაქმების პოლიტიკის თავისებურებები. კერძოდ, რა პრინციპით ადეგენ ვაკანსიებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორია საწარმოებში აპლიკანტების შერჩევის პროცესი, როგორ და რის საფუძველზე აფასებენ სამუშაოს მაძიებელს. ასევე, როგორია საწარმოებისთვის კადრების მოძიების წყაროები და იჩენენ თუ არა ძალისხმევას კომპანიები, კადრების შენარჩუნებასა და მათ განვითარებაზე. კვლევამ უნდა გამოავლინოს, ეკონომიკური სექტორების მიხედვით, რომელი პროფესიული ჯგუფებია ყველაზე მოთხოვნადი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. კვლევის ჩასატარებლად უწყებას 101 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება მკვლევარი კომპანიის გამოსავლენად 5 ოქტომბერს იწყება და 3 დღეს გასტანს.