ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებით ორი მოადგილე მუშაობს. როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ენერგეტიკის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, განახლებულ უწყებაში ძველი სტრუქტურიდან ენერგეტიკაზე რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი მუშაობენ.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის კიდევ ერთ ყოფილ მოადგილეს თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მიქაუტაძესა და ჩიქოვანთან ერთად ენერგეტიკის სამინისტროში ასევე მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, რიჟვაძემ საქმის კურსს განუცხადა, რომ მასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს.
"სხვა მოადგილეები უკვე დანიშნულები არიან. ჩემს შესახებ ამ დღეებში გადაწყდება, კონსულტაციები მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღევანდელი მოცემულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს.

























