მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროში „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომელსაც 2014 წლიდან წერენ

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ევროკავშირის ექსპერტის ალესანდრა ფრატინის მონაწილეობით, ეკონომიკის სამინისტროში, კერძო სექტორთან ერთად, „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. ამის შესახებ BMG-ის სამინისტროდან აცნობეს.

აღსანიშნავია, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა არაერთხელ გადამუშავდა, ვინაიდან მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო სექტორს არაერთი შენიშვნა ჰქონდა. BMG-ისთვის, ჯერჯერობით, უცნობია კანონპროექტის საბოლოო ვერსიის შინაარსი და შესაბამისად, როგორ აფასებს მას ბიზნესი.

"კანონპროექტი „ფოსტის შესახებ“ სრულად ესადაგება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას და იმ მოთხოვნებს, რომელიც არეგულირებს ფოსტის საქმიანობას ევროკავშირში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საფოსტო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტრო რელიზში წერია, რომ ევროკავშირის ექსპერტის განცხადებით, კანონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ელექტრონული კომერციის რეგულაციის ნაწილი, რადგან ის დაარეგულირებს საფოსტო და ამანათების მომსახურებას.

„განვიხილეთ ფოსტის კანონის პროექტი, რომელიც მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ მის მიერვე შემუშავებული ბოლო რამდენიმე პროექტის საფუძველზე. უნდა ვთქვა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონთან“, - აღნიშნა ევროკავშირის ექსპერტმა ალესანდრა ფრატინიმ.

მისივე თქმით, კანონის ძირითადი ნაწილი ეხება სერვისის მიმწოდებლის დანიშნულების დეტალებს, საფოსტო სექტორის მარეგულირებლის დაფინანსების რეგულირების საფასურის დადგენას და უნივერსალური მომსახურების არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დაფინანსების მექანიზმის ჩამოყალიბებას.

ექსპერტის შეფასებით, ეს არის ფინანსური მექანიზმი, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო ბიუჯეტს და თუ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის საკმარისი არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დასაფარად, შეიქმნება და ამოქმედდება საკომპენსაციო ფონდი, რომელიც შეივსება იმ ოპერატორების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას უნივერსალური სერვისების ფარგლებში.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება ემსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების და ძირითადი პრინციპების დადგენას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საფოსტო ქსელის მეშვეობით გაცვლილი მონაცემების და გზავნილის უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვას, მეწარმეობის, კონკურენციის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვას, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობას და ა.შ. კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში ფოსტის სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, გურამ გურამიშვილთან, ალესანდრა ფრატინისთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ყუბუსიძე და შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები