ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საბჭოს სხდომა გაიმართა
BM.GE
29.03.19 15:44
• 530
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის ერთ–ერთი მთავარი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იყო. საბჭოს მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ სხდომის დასაწყისში განაცხადა, საკრედიტო-საგარანტიო სქემა 2019 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება და გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას.
„ინფორმაციამ საკრედიტო-საგარანტიო სქემის შესახებ საბჭოს წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
საბჭოს შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ბიზნესრეესტრის ელექტრონული სერვისებისა და საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის თაობაზე. აგრეთვე გაიმართა მსჯელობა კერძო სექტორის მხრიდან დასმულ საკითხებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია, კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.