2015 წელს ეკონომიკის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ბიუჯეტით განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობას, გამოთავისუფლებული თანხები კი სხვა დასაქმებულებზე პრემიების გაცემას ხმარდებოდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის განმავლობაში სამინისტროში და მის სსიპ-ებში საშუალოდ 80 ვაკანტური ადგილი იყო. თანამდებობრივი სარგოს მუხლში გამოთავისუფლებული სახსრები კი ხმარდებოდა პრემიებისა და დანამატების გაცემას.
„მაგალითად, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომუშავეთა რიცხოვნობა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 275 საშტატო ერთეულითა და 5,480,000 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურების ფონდით განისაზღვრა. თუმცა წლის განმავლობაში არსებული ვაკანტური ადგილების საშუალო რაოდენობამ 80 ერთეული შეადგინა. მიუხედავად ამისა, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით ათვისებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა მცირედით ჩამორჩა ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს და 5,309,847 ლარის დონეზე დაფიქსირდა, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს“,- ნათქვამია ანგარიშში.

























