მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს"

5b1a4a001438e
BM.GE
08.06.18 13:25
569
„ძალიან გვახარებს ყველას, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 2018 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6.5%-ს შეადგენს. და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში.

მიმდინარე წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი, 5.5%-ს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს. ბოლო წლების მსგავსად, 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები ბიზნესსექტორში ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების ზრდის მიმართულებით.

2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდა 20%-ით. მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში, ვინაიდან სწორედ ეს მიმართულება აგრძნობინებს მოსახლეობის ფართო ფენებს ეკონომიკური ზრდის შედეგებს.

ამასთან, 17.1%-ით არის გაზრდილი მსხვილი საწარმოების ბრუნვა.

ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება დასაქმებაზეც - 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი, დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს”, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები