“ეკონომიკური ატაშეების დანიშვნა ძალიან სწორი ნაბიჯია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - ამის შესახებ BMG-ის საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა განუცხადა. მისი თქმით. ეს ერთგვარი მესიჯია მათთვის, რომ საქართველო ექსპორტის გაუმჯობესების კუთხით აქტიურად აპირებს მუშაობას და კონცენტრირდება ამ საკითხზე.
„ძალიან მნიშნელოვანია რომ ზუსტად იყოს დადგენილი და შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს სავაჭრო მიმართულებით მსოფლიოში და როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ის ეკონომიკურ ჰაბად თუნდაც. ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას სათავეში უნდა ედგნენ ადამიანები რომლებსაც ესმით ბიზნესისა და ვაჭრობის ბუნება და თავისებურებები. მათ ყოველდღიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ კერძო სექტორთან და ინვესტორებთან ზოგადად“, ამბობს ელჩი. მისივე თქმით, საქართველოს თურქეთიდან ინვესტიციების მოზიდვის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალს უნდა ჩაეჭიდოს.
„დამერწმუნეთ ბიზნესმენებს არ აქვთ იმის დრო რომ უსაზღვროდ ელოდონ შეთავაზებებს და ინფორმაციას პირველ რიგში სხვადასხვა ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შესახებ. კონკრეტული და დროული ინიციატივები- ამ კუთხით უნდა იმუშაონ კომერციულმა ატაშეებმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება რომელიც ქვეყანაში შეიძლება განხორციელდეს ან უკვე განხორციელდა საინტერესო და გადამწყვეტია უცხოელი ინვესტორისთვის და რასაკვირველია ინფორმირებულობას ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. აღარაფერს ვამბობ ბაზრის კვლევაზე, რომელიც ყოველთვის საწყისი ნაბიჯია ინვესტორისთვის, როდეაც ახალ ბაზარზე შესვლას გეგმავს. ეს ხომ უკვე ეკონომიკური ატაშეების კომპეტენციაში იქნება და ბაზრის კვლევის პრეზენტაციას რასაკვირველია ისინი უკეთ განახორციელებენ. მე დამრწუნებული ვარ რომ კომერციული ატაშეები ძალიან ღირებულ რეზულტატს მოუტანენ როგორც საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას, ისე თურქულ ბიზნესს ახლო მომავალში“, - ამბობს ელჩი.

























