თუ ქვეყანა ეკონომიკური კრახისკენ წავა, გამორიცხულია ჯანდაცვის სექტორმა გამართულად იმუშაოს - ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში იურიდიული კომპანია „ბიელსის“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება საყოველთაო სამედიცინო დაზღვევას, რაც თავის მხრივ სექტორს გამოწვევების წინაშე დააყენებს.
„სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების მთავარი ღერძი არის საყოველთაო დაზღვევა, რაც შეიძლება შესუსტდეს და ჩამოიშალოს ეკონომიკური ფაქტორების გამო - ლარის კურსის ვარდნა, ფულადი წყაროების ნაკადების შემცირება და ა.შ... თუ ეს ღერძი მოიშალა, მერე მართლა იქნება უდიდესი პრობლემა, როდესაც არის ათასობით პაციენტი, ათასობით სამედიცინო პერსონალი და ასობით საავადმყოფო. როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზეა დამოკიდებული.
[შექმნილი ვითარების შედეგად] პირველი დარტყმა მიიღო სტუმარმასპინძლობის სექტორმა, სასტუმროების და რესტორნების სახით, მაგრამ ეს სხვა სექტორებსაც მალე წამოეწევა, ვინაიდან თუ ქვეყანა ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ არ წავიდა, ეკონომიკური კრახისკენ წავა და ამ შემთხვევაში გამორიცხულია, ჯანდაცვის სექტორმა გამართულად იმუშაოს. რომელიც მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობდა მაშინაც, როცა მომრავლდა სამედიცინო დაწესებულებები“, - განაცხადა ალექსანდრე ბოლქვაძემ.
როგორც მან განაცხადა, იურიდიული მომსახურების საჭიროება სამედიცინო დაწესებულებებმა ბოლო პერიოდში კარგად დაინახეს.
„ვხედავ ჩვენს კოლეგებსაც, იურიდიულ ფირმებს, რომლებიც აყალიბებენ სამედიცინო მომსახურების მიმართულებებს. ამას მივესალმები, პირველ რიგში, იმიტომ რომ იურიდიული ფირმების კონსოლიდირებული ქმედება უკეთ დაანახვებს სამედიცინო დაწესებულებებს, თუ სად არის შესავსები სივრცე, ე.წ. gap“, - აღნიშნა „ბიელსის“ მმართველმა პარტნიორმა.
მისივე თქმით, ის არ ემხრობა ეკონომიკის ჩამოშლას და ამაში არ ეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს, როცა ამბობენ, რომ ეკონომიკის ჩამოშლის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ამჟამინდელი ხელისუფლების მოშორება.
„ჩამოშლა არის საშინელება, ჩამოშლილები შეიძლება ათეულობით წელი ვიყოთ... სხვა გზა არის სანახავი, ჩამოშლის წინააღმდეგი ვარ. დამსაქმებელი ვარ და უამრავი ხალხია დამოკიდებული ამაზე. მე პატარა დამსაქმებელი ვარ და წარმოიდგინეთ დიდი კომპანიები ათასობით თანამშრომლით, რომელთა ოჯახებიც რომ ჩამოიშალოს“, - აღნიშნა მან.