მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალი კვირა ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რაც ერთი უცნაურობითაა განპირობებული. საქმე ისაა, რომ მომავალ კვირას ბევრ საინტერესო სიახლეს ვერ შევიტყობთ სახელმწიფოების მხრიდან, თუმცა მთელ ყურადღებას უმსხვილესი კომპანიები მიიქცევენ.

პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ Microsoft-ით, რომელმაც კვარტალური შედეგები უნდა წარმოადგინოს. პლანეტის უდიდესი კომპანია ახლა უშუალოდ განსაზღვრავს უოლ-სტრიტის ბედ-იღბალს, რადგან ათწლეულის მთავარი ტექნოლოგიური სიახლე, ხელოვნური ინტელექტი, სწორედ მისი შვილობილი სტარტაპის მიერაა შექმნილი. Microsoft-ის კაპიტალიზაცია ამჟამად 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს და უახლეს ფინანსურ შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუკი ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი ინვესტორების მოლოდინებს გაამართლებს, მაშინ ბირჟა ისევ დაუბრუნდება აღმასვლის ტენდენციას, მაგრამ Microsoft-მა თუ ინვესტორების იმედები გააცრუა, მაშინ ბირჟაზე კარგი არაფერი მოხდება.

ასევე, არანაკლებ საპასუხისმგებლო მისია აკისრია Google-ს, რომელიც AI-ის განვითარების მიმართულებით Microsoft-ის მთავარი კონკურენტია. მომავალ კვირას მის ფინანსურ შედეგებსაც გავეცნობით.

რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ბუმს არ ჩამორჩება მარკ ცუკერბერგი და მის მიერ დაფუძნებული Meta. მოგეხსენებათ, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელ კომპანიას წელს ნამდვილად გამორჩეული შედეგები აქვს, Meta-ს აქციონერებს კი სწორედ ამ ტენდენციის შენარჩუნება სურთ.

აგრეთვე, მომავალ კვირას გავეცნობით კიდევ ერთი ოდიოზური პიროვნების, ილონ მასკის კომპანიის ფინანსურ შედეგებს. მართალია, წელს Tesla-ს კატასტროფულად ცუდი შედეგები აქვს, მაგრამ ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მარსის კოლონიზატორი ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას განვითარების სწორ გზაზე დააბრუნებს.

ტექნოლოგიური გიგანტების გარდა, მომავალ კვირას ფინანსურ შედეგებს საბანკო-საფინანსო, სამედიცინო, სამშენებლო და რიტეილ კომპანიებიც გაასაჯაროებენ.

ახლა კი სახელმწიფოებს რომ დავუბრუნდეთ, ამერიკის შეერთებული შტატები მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს წარმოადგენს. სავარაუდოდ, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2.8%-ით იქნება გაზრდილი.

დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში საინტერესო იქნება ინფლაციის განახლებული სტატისტიკა და უმუშევრობის დონის მაჩვენებელი.

ასევე, მომავალ კვირას ცნობილი გახდება იაპონიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 0%-იან ნიშნულზე დატოვებს.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2024 წლის I კვარტალი)
  • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის თებერვალი)
  • მოსახლეობის რიცხოვნობა (2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
  • მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა (2023 წელი)
  • გარე მიგრაციის მაჩვენებლები (2023 წელი)
  • მოსახლეობის რიცხოვნობა სქესისა და ასაკის მიხედვით (2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
  • ძირითადი დემოგრაფიული კოეფიციენტები, 2023 წელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები