მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

აწ უკვე განვლილი კვირის მსგავსად, მომავალ კვირას ინვესტორების ყურადღების ცენტრში არა სახელმწიფოები, არამედ უმსხვილესი კომპანიები იქნებიან, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ რამდენიმე მათგანი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს წარმოადგენს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება Apple-ზე იქნება მიმართული. iPhone-ების მწარმოებელმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კრიტიკული მნიშვნელობის მონაცემები უნდა წარმოადგინოს. განსაკუთრებით ყურადსაღები კი სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელია, რომელშიც Apple-ს კორეულმა Samsung-მა გადაუსწრო, რადგან ამ უკანასკნელმა თავისი ფლაგმანური სმარტფონი ხელოვნური ინტელექტით გამოტენა, Apple-მა კი AI-ს ათვისება იმდენად დააგვიანა, რომ ინვესტორები დარდს მიეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში ფინანსურ შედეგებს თავად Samsung-იც წარმოადგენს და ამ კომპანიასთან მიმართებით ინვესტორებს ნამდვილად პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

ასევე, მომავალ კვირას არანაკლებ ყურადღებას მიიქცევს ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული Amazon-ი, რომელიც ელექტრონული კომერციის და Cloud-სერვისების გიგანტია. 1 ტრილიონ 840 მილიარდი დოლარი - ეს არის Amazon-ის ამჟამინდელი კაპიტალიზაციის მაჩვენებელი, ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი ეს რიცხვი მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს, რადგან Amazon-ი იმ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორისაა, რომელიც ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ათვისებაზე აქტიურად მუშაობს.

მომავალი კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება ფარმაკოლოგიური სექტორისთვისაც. კვარტალურ შედეგებს წარმოადგენენ: Eli Lilly, Novo Nordisk და Pfizer.

აგრეთვე, შევიტყობთ McDonald’s-ის და Coca-Cola-ს ფინანსურ შედეგებს, ამ მიმართულებით კი უოლ-სტრიტს ნამდვილად პოზიტიური მოლოდინები აქვს.

რაც შეეხებათ სახელმწიფოებს, მომავალ კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვთან იქნება დაკავშირებული, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დიდი ალბათობით, FED-ის კომიტეტი განაკვეთს უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დატოვებს, თუმცა თავად ამ გადაწყვეტილებაზე საინტერესო უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადება იქნება, რომელმაც სამომავლო სტრატეგიაზე უნდა ისაუბროს. იმედი ვიქონიოთ, რომ პაუელი საჯაროდ დაადასტურებს, რომ FED-ი მონეტარული პოლიტიკის შემცირებას ივნისიდან დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფონდო ბირჟებზე ვითარება აუცილებლად გაუარესდება.

საინტერესო სიახლეები იქნება ევროკავშირის მხრიდანაც, რომელიც ინფლაციის და მთლიანი შიდა პროდუქტის განახლებულ მონაცემებს წარმოადგენს. გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი კი თითქმის ყველა ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორს გაასაჯაროებენ.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირა მსხვილი კომპანიების შედეგებით იქნება დატვირთული, ამიტომ ინვესტორების მთელი ყურადღება სწორედ ნიუ-იორკზე იქნება გადატანილი.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის მარტი)
  • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2024 წლის I კვარტალი)
  • ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2024 წლის I კვარტალი)
  • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2024 წლის I კვარტალი)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის მარტი)
  • საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში (2023 წელი)
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაჩვენებლები (2023 წელი)
  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)