მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

გასული კვირის მსგავსად, მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არა სახელმწიფოები, არამედ უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მათ შორის უდიდესია Saudi Aramco, რომელიც, მოგეხსენებათ, პლანეტის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი საწარმოა. ცნობილი გახდება როგორც Aramco-ს შემოსავლები, ასევე სამომავლო პროგნოზი, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება არამარტო ინვესტორების, არამედ ნავთობის ფასით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.

მომავალ კვირას ყურადღებას მიიქცევს პლანეტის ყველაზე სახელგანთქმული ინვესტორიც. უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კვარტალური ანგარიში უნდა წარმოადგინოს, ამასთან ერთად, თავად ბაფეტმა ტრადიციული წერილი უნდა გაავრცელოს, რომელსაც მთელი საინვესტიციო სამყარო მოუთმენლად ელოდება.

გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ: Toyota-ს, Disney-ს, AMD-ის, Uber-ის, Intel-ის და Eli Lilly-ს ფინანსურ შედეგებს.

საქართველოსგან განსხვავებით, სხვა სახელმწიფოები მთელი კვირით არ დაისვენებენ. აი, მაგალითად, გაერთიანებული სამეფო ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკას წარმოადგენს. სავარაუდოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.5%-ით იქნება გაზრდილი.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, განაკვეთი ისევ უცვლელად დარჩება და ის 5.25%-ით განისაზღვრება.

მომავალ კვირას საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენს ჩინეთის ხელისუფლებაც, მათ შორის: ინფლაციის, ვაჭრობის, უმუშევრობის და უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მონაცემებს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მომავალი კვირა საკმაოდ მდორე იქნება, თუმცა ამას დააბალანსებს უოლ-სტრიტზე დაგეგმილი მოვლენები და ის ფაქტი, რომ კვარტალურ შედეგებს 100-მდე მსხვილი კომპანია წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების სტატისტიკა (2024 წლის I კვარტალი)
  • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2024 წლის მარტი)
  • სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2024 წლის აპრილი)
  • გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2024 წლის I კვარტალი)