გასული კვირის მსგავსად, მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არა სახელმწიფოები, არამედ უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მათ შორის უდიდესია Saudi Aramco, რომელიც, მოგეხსენებათ, პლანეტის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი საწარმოა. ცნობილი გახდება როგორც Aramco-ს შემოსავლები, ასევე სამომავლო პროგნოზი, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება არამარტო ინვესტორების, არამედ ნავთობის ფასით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.
მომავალ კვირას ყურადღებას მიიქცევს პლანეტის ყველაზე სახელგანთქმული ინვესტორიც. უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ კვარტალური ანგარიში უნდა წარმოადგინოს, ამასთან ერთად, თავად ბაფეტმა ტრადიციული წერილი უნდა გაავრცელოს, რომელსაც მთელი საინვესტიციო სამყარო მოუთმენლად ელოდება.
გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ: Toyota-ს, Disney-ს, AMD-ის, Uber-ის, Intel-ის და Eli Lilly-ს ფინანსურ შედეგებს.
საქართველოსგან განსხვავებით, სხვა სახელმწიფოები მთელი კვირით არ დაისვენებენ. აი, მაგალითად, გაერთიანებული სამეფო ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკას წარმოადგენს. სავარაუდოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.5%-ით იქნება გაზრდილი.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, განაკვეთი ისევ უცვლელად დარჩება და ის 5.25%-ით განისაზღვრება.
მომავალ კვირას საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენს ჩინეთის ხელისუფლებაც, მათ შორის: ინფლაციის, ვაჭრობის, უმუშევრობის და უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მონაცემებს.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მომავალი კვირა საკმაოდ მდორე იქნება, თუმცა ამას დააბალანსებს უოლ-სტრიტზე დაგეგმილი მოვლენები და ის ფაქტი, რომ კვარტალურ შედეგებს 100-მდე მსხვილი კომპანია წარმოადგენს.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების სტატისტიკა (2024 წლის I კვარტალი)
- მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2024 წლის მარტი)
- სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2024 წლის აპრილი)
- გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2024 წლის I კვარტალი)