მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალი კვირა გლობალური ეკონომიკისათვის საკმაოდ მდორე იქნება, რადგან არც მსხვილი კომპანიები გაასაჯაროებენ ფინანსურ შედეგებს და არც ცენტრალური ბანკები მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

მიუხედავად ამისა, მაინც რამდენიმე საინტერესო სიახლე გავრცელდება აშშ-ის მხრიდან, რომელიც პენსიასთან და უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს წარმოადგენს. პროგნოზის მიხედვით, უმუშევრობის დონე 3.7%-ზე შენარჩუნდება, რაც ეკონომიკური სტაბილურობის ნიშანია. ასევე, სერვისების ინდექსის ზრდაა მოსალოდნელი, რაც სერვისების სექტორის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. აგრეთვე გავიგებთ, რამდენად გაიზარდა აშშ-ის ეკონომიკის მოცულობა წინა კვარტალში და როგორი მოლოდინი აქვს მთავრობას მომავალ კვარტალთან დაკავშირებით.

აშშ-ის პარალელურად, ჩინეთი წარმოებისა და მომსახურების სექტორის განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს. გარდა ამისა, სავაჭრო ბალანსის მონაცემებში მოსალოდნელია ექსპორტის ზრდა 1.5%-ით და იმპორტის მატება 2.0%-ით, რაც სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე მიუთითებს.

მომავალი კვირის განმავლობაში ევროზონაშიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები იქნება, მათ შორის გასაჯაროვდება: ინფლაციის, უმუშევრობის, წარმოების, საგარეო ვაჭრობის და დასაქმების უახლესი მაჩვენებლები. საერთო ჯამში, ევროკავშირთან დაკავშირებით ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

გარდა ამისა, მომავალ კვირას ინვესტორებთან შეხვედრას გამართავენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: NVIDIA, Salesforce, ICBC, Bank of China, Nike, Micron, Sony, Dell და Mitsubishi.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2024 წლის I კვარტალი)
  • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის აპრილი)
  • წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი)
  • გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით (2023 წელი)
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2024 წლის I კვარტალი, წინასწარი)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის მაისი)
  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წლის მაისი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები