მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რადგან 5 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან. მოსალოდნელია, რომ წელს ქვეყანაში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდება, გამარჯვებულის ვინაობასთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზის გაკეთება კი თითქმის შეუძლებელია, რადგან დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატები ერთმანეთს უდიდეს კონკურენციას უწევენ და მათი ბრძოლა საკმაოდ დაძაბული იქნება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევა წლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ზესახელმწიფოს ლიდერი განსაზღვრავს გლობალურ გეოპოლიტიკურ კლიმატს და დასავლური სამყაროს პოზიციას.

გარდა ამისა, მომავალ კვირას ამერიკის ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ FED-ის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებს, რის შედეგად ძირითადი განაკვეთი 4.75%-ით განისაზღვრება.

ამ ყველაფერთან ერთად, მომავალ კვირას უმსხვილესი ამერიკული კომპანიები თავიანთ კვარტალურ შედეგებს გაასაჯაროებენ, რასაც ინვესტორები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

ამერიკის გარდა, სიახლეები იქნება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც პროგნოზირებულია, რომ ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებს. ასევე, შევიტყობთ ბრიტანეთის უახლეს სტატისტიკას ვაჭრობასთან, ინფლაციასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით.

ინფლაციურ სტატისტიკას განაახლებს ჩინეთის მთავრობაც, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი იმის გაგება იქნება, გაიზარდა თუ არა ინდუსტრიული წარმოების ინდექსი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო მონაცემებს აჩვენებს.

საინტერესო სიახლეებს შევიტყობთ მეზობელი თურქეთის მხრიდანაც. პირველ რიგში, გავიგებთ, რა ბედი ეწია ინფლაციას, რომელიც, წესით, 48%-მდე უნდა იქნეს შემცირებული. ასევე, შევიტყობთ, გაიზარდა თუ არა უმუშევრობის დონე და სიღარიბის მაჩვენებელი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირა ამერიკისა და მთელი მსოფლიოსათვის განსაკუთრებით დატვირთული იქნება, რადგან ასეთი მნიშვნელობის მოვლენები ერთ კვირაში იშვიათად თუ ხდება.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების სტატისტიკა (2024 წლის I-III კვარტალი)
  • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2024 წლის სექტემბერი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები