მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება, რომელიც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ბოლო გადაწყვეტილებას მიიღებს. სავარაუდოდ, FED-ის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს დამატებით 25 საბაზისო პუნქტით, 4.5%-იან ნიშნულამდე შეამცირებს. გარდა ამისა, ტრადიციულად, სიტყვით გამოვა უწყების ხელმძღვანელი, რომელიც მომავალი წლის პროგნოზებზე და სამოქმედო სტრატეგიაზე ისაუბრებს.
ამასთან, მომავალ კვირას ცნობილი გახდება ამერიკის ეკონომიკური ზრდის პარამეტრები. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 2.8%-იანი ზრდა იქნება დაფიქსირებული, რაც წინა შედეგთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს იაპონიის ცენტრალური ბანკიც, რომელთან მიმართებით პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, ამიტომ ანალიტიკოსები ორ ძირითად სცენარს ელიან: განაკვეთის უცვლელად დატოვებას ან მცირედით გაზრდას.
საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ინგლისის ცენტრალურ ბანკსაც, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში განაკვეთს უცვლელად დატოვებს.
ჩინეთს რაც შეეხება, აზიური სახელმწიფოს შემთხვევაში, მომავალ კვირას ინდუსტრიული წარმოების მონაცემებს და უძრავი ქონების სექტორის შედეგებს გავეცნობით, რასაც ინვესტორებით განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობენ.
კომპანიების კვარტალური შედეგების მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირა დიდად გამორჩეული არ იქნება.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- საარსებო მინიმუმი (2024 წელი)
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2024 წლის III კვარტალი)
- ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
- ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგები (2023 წელი)
- საგარეო ვაჭრობა (2024 წლის ნოემბერი)
- ადგილობრივი ექსპორტი (2024 წლის ნოემბერი)
- სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ნოემბერი)
- მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2024 წლის ნოემბერი)
- ექსპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის ნოემბერი)
- იმპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის ნოემბერი)
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ნოემბერი)
- ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ნოემბერი)