მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალი კვირა ამერიკული კორპორაციული სექტორისთვის გამორჩეულად დატვირთული და საინტერესო იქნება, რადგან უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თავიანთი კვარტალური შედეგები უნდა წარმოადგინონ. ბაზრის განწყობას ძირითადად Hyperscaler-ები განსაზღვრავენ, მათ შორის: Microsoft, Amazon და Meta, რომელთაც Cloud-მიმართულებით შემოსავლების გასაჯაროებასთან ერთად, ასევე მიმდინარე წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზების განახლებაც მოუწევთ. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? – მთელი AI-ინდუსტრიის განვითარება ამჟამად სწორედ ზემოხსენებული კომპანიების ინვესტიციებზეა დამოკიდებული და თუ რომელიმე მათგანი Capex-ს შეამცირებს, ეს ნახევარგამტარების, ჩიპების და მეხსიერების ბარათების მწარმოებელი კომპანიების აქციების ჩამოშლას გამოიწვევს.

გარდა Cloud-გიგანტების ტრიადისა, შედეგების გასაჯაროება მოუწევს Apple-ს, რომელიც პროდუქციის მკვეთრად გაძვირებას და წელს არაერთი ახალი პროდუქტის წარმოდგენას აპირებს.

ასევე, ფინანსურ შედეგებს გაგვაცნობენ შემდეგი მსხვილი კომპანიები: Visa, Mastercard, Coca-Cola, Boeing, Lam, Arm, P&G, ExxonMobil, Shell, Chevron და HSBC.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი კვირია ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ბაზარი ტექნიკური კორექციის ფაზაშია და AI-ნარატივის გასაგრძელებლად აუცილებელი ინფორმაცია სწორედ მომდევნო დღეებში გავრცელდება.

გარდა კვარტალური შედეგებისა, მომავალ კვირას გავეცნობით აშშ-ის ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას.

ასევე, მშპ-ის ზრდის და ინფლაციის მიმართულებით ახალ მონაცემებს გაგვაცნობს ევროკავშირი; ხოლო დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკაშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიც, რომელიც დღეს მსოფლიოში წარმოდგენილი ყველაზე კრიტიკული რისკ-ფაქტორია.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მაისი)
  • ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები (2025 წელი)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივნისი)
  • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2026 წლის I-II კვარტალი)
  • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2026 წლის II კვარტალი)
  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივნისი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები