მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ცალსახად აშშ-ის ფედერალური რეზერვი იქნება, რადგან ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის გამო, კევინ უორშის უწყებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა მოუწევს. ამჟამად ამ გადაწყვეტილების ალბათობა დაახლოებით 70%-ია, თუმცა არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ FED-მა სექტემბრის სესიაც უმოქმედობით დაასრულოს, რაც საფონდო ბირჟისათვის მოულოდნელად პოზიტიური სიგნალი იქნება.

FED-ის შემდეგ, ხუთშაბათს, გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისის ცენტრალური ბანკი, რომელთან მიმართებით ცვლილება არ არის მოსალოდნელი, თუმცა ინფლაციურმა რისკებმა, შესაძლოა, BOE-საც გამკაცრება აიძულოს.

პარასკევს, გლობალური ცენტრალური ბანკების ტრიადას იაპონიის ბანკი დახურავს, რომელსაც განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა აქვს დაგეგმილი. BOJ-სთან მიმართებით გამკაცრების გადაწყვეტილება ფაქტობრივად გარანტირებულია.

მონეტარული პოლიტიკის გარდა, მომავალი კვირა უჩვეულოდ დატვირთული იქნება გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ის ეკონომიკური პრობლემების ძირითად წყაროდ იქცა. ექსპერტების შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციას $100-დოლარიანი ნავთობის პრობლების მოგვარება აუცილებლად მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხება გარანტირებული იქნება.

ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს კორპორაციული სექტორიც, რადგან მსხვილი კომპანიები თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავენ, მათ შორის იქნებიან: Trip.com, Forgent Power, American Resources, Grifols, Seabridge Gold, ChronoScale და CoinShares.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის აგვისტო)
  • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის ივლისი)
  • დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2026 წლის II კვარტალი)
  • ტრანსპორტის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2025 წელი)
  • მონაცემები ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ (2026 წლის იანვარი-ივნისი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები