საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის შეფასებით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობა ადასტურებს და ერთგული რჩება იმ ძირითადი მიზნების მიმართ, რომელიც პარტნიორებთან ერთად იქნა დასახული.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ პროგრამის დასრულებამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა პრაქტიკულად, ყველა მიზანია მიღწეულია.
„2016 წლიდან 2018 წლის ბოლომდე მიმდინარე ხარჯები შემცირდა 26%-დან 23%-მდე და განაგრძობს შემცირებას. აბსოლუტურ სიდიდეში დაახლოებით, 1,2 მილიარდით არის შემცირება და სრულად ეხმიანება და უნისონში მოდის მთავრობის მიერ გაცხადებულ მცირე მთავრობის კონცეფციასთან.
რაც შეეხება კაპიტალური ხარჯების დაჩქარებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რაც ყველაზე მთავარი პროექტებია, ყველა ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია ან თუ არა, ტენდერები დასრულების ეტაპზეა. ეს კაპიტალური დანახარჯები სრულიად არის გაწერილი ფისკალურ ჩარჩოში. მათი დაფინანსება სრულად მოძიებულია და შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.
მესამე - ეს იყო ფისკალური დეფიციტის ნორმალიზაცია, რაც ნარჩუნდება მშპ-თან მიმართებაში 2,5%-ის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საბიუჯეტო სექტორი რჩება და მომავალშიც იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი. ამ წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 4,6%, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია და ადასტურებს რეფორმების ეფექტურობას და რეფორმების მიმართ ერთგულებას, რომლის გზაზეც საქართველოს ხელისუფლება დგას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, IMF 2019 წელს საქართველოსთვის 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო ინფლაცია კი, მცირედით უფრო მაღალი იქნება სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძირითადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.
ცნობისთვის: IMF-ის მისიამ დღეს საქართველოს განახლებული პროგრამა დაუმტკიცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დამატებით $40 მილიონის მოცულობის სახსრები გამოეყო. მთლიანობაში პროგრამის მოცულობა $210 მილიონ დოლარს შეადგენს.

























