ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებაში ხელისშეშლა მხოლოდ პანდემიას შეუძლია.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის თანადგომის გარეშე, მთავრობას საყოველთაო ვაქცინაცია გაუჭირდება.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, პანდემიაა.
აქ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ინფიცირების შემთხვევებში ზრდა გვაქვს, 2 600-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, შესაბამისად, თუ კი მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება, მარტო მთავრობას ძალიან გაგვიჭირდება, რომ ვაქცინაციის მაღალი ტემპები უზრუნველვყოთ და დღეში 20-30 ათასი ადამიანი ავცრათ იმისთვის, რომ ეკონომიკის აღდგენაში ხელი არ შეგვეშალოს.
ჩვენ ვაქცინების საკმარისი რაოდენობით უზრუნველვყავით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება და არის ყველა წინაპირობა, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად ჩავატაროთ. ვმუშაობთ მსხვილ დამსაქმებელთან, ბანკებთან, ინდუსტრიულ კომპანიებთან, მაგრამ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი აქტია, პირველ რიგში თვითშეგნებას საჭიროებს. მოგიწოდებთ, არ უგულებელყოთ ეს შესაძლებლობა, დაიცვათ თავი და ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატარა ბავშვები, რომლებსაც დელტა შტამი ერჩის და ჩაიტაროთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




























