მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომისტები ახალი სამთავრობო ქალაქის იდეას აფასებენ - "თუ ფიქრობენ, რომ ერთ კორპუსში იყოს 4-5 სამინისტრო, ეს მომგებიანია"

58d382fb626dc
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.17 12:00
1680
"ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა არ უნდა დაჯდეს იმაზე მეტი, ვიდრე არსებული სამინისტროების პრივატიზაციიდან შემოსავალი იქნება",- ამის შესახებ "საქმის კურსს" GRASS-ის ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ განუცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორთაჭალაში აშენდება სამთავრობო ქალაქი, სადაც თითქმის ყველა სამინისტრო მოიყრის თავს.

ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ პროექტი შეიძლება კარგი იდეაც აღმოჩნდეს და ცუდიც, რამდენადაც მნიშვნელოვანია, როგორც განხორციელდება ის. მისი თქმით, თუ ერთ კორპუსში რამდენიმე სამინისტრო ერთად განთავსდება, მომგებიანი იქნება, რამდენადაც ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა მოხდება.

"თუ ერთად იქნება ბევრი სამინისტრო გარკვეული ადმინისტრციული ხრაჯები დაიზოგება, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკური ხარჯები, შესყიდვები და ა.შ. თუ იმას ფიქრობენ, რომ ერთ კორპუსში იყოს 4-5 სამინისტრო, ეს მომგებიანია. შეიძლება, ერთი IT ჰყავდეთ, სამეურნეო სამსახური ერთი ჰყავდეთ და ეს ხარჯებს დაზოგავს. პროექტი არ უნდა დაჯდეს იმაზე მეტი, ვიდრე არსებული სამინისტროების პრივატიზაციიდან შემოსავალს მივიღებთ. ადრე რომ შენდებოდა ძვირიანი შენობები, ახლა ასეთი არ უნდა აშენდეს, ამასთან თუ სამინისტროების რიცხვი შემცირდება, კარგი იქნება",- აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

ეკონომისტი ვატო ლეჟავა აცხადებს, რომ ეს იდეა დიდი ხანია არსებობს და ახალი არ არის, თუმცა, მნიშვნელოვანია, მისი სწორად დაგეგმვა. ეკონომისტის აზრით, თუ იგივე განმოერდება, რაც ეკონომიკის სამინისტროს შენობაზე მოხდა, პროექტი არასწორი იქნება.

"სამინისტროების ნაწილი ქალაქის ცენტრშია განთავსებული, სადაც უძრავი ქონება ძალიან ძვირი შეიძლება ღირდეს. რომ გითხრათ, რომ ველური აზრი მგონია, ასე არ არის. გააჩნია იმას, რა ხარჯები იქნება გაწეული, ზომას გააჩნია, მარმარილოს სასახლეები თუ იქნება, ეს უკვე სხვაა. მეორეა, რის გადატანაზეა საუბარი და მისი ღირებულება რა არის. ასეთი რამ მაგალითად გააკეთეს ეკონომიკის სამინისტროზე და საშინელება გამოვიდა, ქირით არის ახლა ეს სამინისტრო. ასე თუ გააკეთეს არ ივარგებს",- აცხადებს ვატო ლეჟავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები