მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი აკაკი ცომაია საპენსიო ფონდის თანხების ენერგოპროექტებში ინვესტირების წინააღმდეგია

5c17b9af777bb
თათია ჩაფიჩაძე
17.12.18 19:10
844
„ენერგოპროექტები საკმაოდ რისკიანი ეკონომიკური აქტივობებია და სხვისი საკუთრების რისკიან პროექტებში განკარგვა კი, სხვა არაფერია თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევა“ - ასეა შეაფასა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ის განცხადება, რომლის მიხედვით, ენერგოპროექტების დაფინანსების ერთ-ერთი წყარო შესაძლოა, საპენსიო ფონდში არსებული დანაზოგები გახდეს.

თუმცა მოგვიანებით მინისტრის მოადგილემ დააკონკრეტა, რომ „კერძო დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის თანახმად, პირველი ხუთი წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის რისკიან საინვესტიციო პროექტებში დაბანდება არ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 5 წელს საპენსიო ფონდში არსებული ფინანსური დანაზოგი მსგავსი მიმართულებით ვერ ინვესტირდება.

თავის მხრივ, ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, მინისტრის მოადგილის განცხადება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ფონდში მობილიზებულ თანხებს არა საინვესტიციო საბჭო, არამედ მთავრობა საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგავს.

„როგორც მახსოვს, საუბარი იყო ურისკო ტიპის ფასიან ქაღალდებში ამ ფულის დაბანდებაზე. ენეგოპროექტები კი, საკმაოდ რისკიანი ეკონომიკური აქტივობებია. თუმცა მოუხედავად იმისა, რას ამბობდნენ, ყველას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მთავრობა ამ ფულად სახსრებს გამოიყენებდა თავის შეხედულებისამებრ ანუ იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს თითოეული ჩინოვნიკი ეკონომიკურ აქტივობებზე. საპენსიო ფონდი წარმოადგენს ნასესხებ საშუალებებს, სხვისი საკუთრების რისკიან პროექტებში განკარგვა კი, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის უფლებების დარღევა.

გარანტია აქ მხოლოდ მთავრობის სიტყვა და მისი რეპუტაციაა, თუმცა ეს არ არის აშშ-ის მთავრობა, რომელსაც შეიძლება ენდო და ანდო ასეთი ტიპის პროექტები. არის პრაქტიკული მაგალითები და გამოცდილება იმისა, როგორ ხდება ასეთი ფონდების რისკიან პროექტებში დაბანდება და ერთ მშვენიერ დღეს როგორ ამბობს მთავრობა უარს მესაკუთრეებისათვის კუთვნილი თანხების დაბრუნებაზე.

საუბარია იყო, კერძო ფონდები განკარგავენ ამ სახსრებს, თუმცა როცა ნათია თურნავა აკეთებს ამ განცხადებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას. ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, არ იკვეთება სწორი მენეჯმენტი. არ ვიცით ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვინ რაზეა ანგარიშვალდებული, რაში არიან შეზღუდულები და რაში არ არიან, ყველაფერი გაუგებარია“, - განაცხადა ცომაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები